English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თამარ ლაზარიაშვილი
სუბსიდირების პროგრამების ეფექტიანობა მევენახეობა-მეღვინეობაში

რეზიუმე

სტატიაში შეფასებულია აგრარულ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობის პოლიტიკა, გაანალიზებულია მევენახეობა-მეღვინეობაში სუბსიდირების სისტემა. გაკეთებულია დასკვნა  სუბსიდირების პროგრამების უპირატესობის.  ასევე,   მინიმალური ფასების  პოლიტიკით გამოწვეული სარგებლისა და ზარალის შესახებ. მოცემულია მოსავლის პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი და შემოთავაზებულია საგრანტო პროგრამების ამოქმედების რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს საოჯახო, მცირე მეურნებების განვითარებას  და  შესაბამისი დანადგარებით უზრუნველყოფას.

საკვანძოსიტყვები: აგრობიზნესი, სუბსიდირება, საგრანტო პროგრამა, ინვესტიცია,  აგროსასურსათო წარმოება.

შესავალი

საქართველოში აგრარული სექტორი მრავალი პრობლემისა და გამოწვევის წინაშე დგას, კერძოდ ძალზე დაბალია პროდუქტიულობა, ქვეყანაში სიღარიბის მაღალი დონეა, სავარგულების საერთო რაოდენობა 43%-ით შემცირდა, რამაც შეამცირა ერთ ჰექტარ სავარგულზე პროდუქტის რაოდენობაც. სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა 53% მხოლოდ ნატურალურ მეურნეობაში წარმოებული პროდუქტით კმაყოფილდება, ხოლო მათი 25,8% ქვეყნის საშუალო მედიანური მოხმარების 60%-ს მოიხმარს  [ლაზარიაშვილი თ., 2015].

სოფლის მეურნეობას კვლავ განსაკუთრებული როლი ეკისრება დასაქმების გაზრდასა და სიღარიბის შემცირებაში. საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტი იქნება აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუბსიდირების პროგრამების დანერგვა.

* * *

დღეისათვის სოფლის მეურნეობაში სუბსიდირების სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პოლიტიკა აქტიურად გამოიყენება აშშ-ში, მექსიკაში, რუმინეთში, კანადაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, ბულგარეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიასა და სხვა ქვეყნებში. სუბსიდიები მიზნად ისახავს მინიმალური ფასების უზრუნველყოფის ხელშეწყობას და ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მოსავლის პირდაპირი დაფინანსების ფორმით.

დარგის განვითარების დადებითი დინამიკის შენარჩუნებისა და წარმოების სტიმულირების მიზნით, ასევე, მევენახეების ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს  მთავრობამ  2015 წელს  ყურძნის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო.  სუბსიდირების უპირატესობა არის ის, რომ ფერმერი ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე, ყურძნის ჩაბარებიდან დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის, ვენახების კადასტრის პროგრამა და ბაზრების დივერსიფიკაცია. ბოლო პერიოდში გაშენდა ახალი ვენახები, გაიზარდა ღვინის წარმოება და ქართული ღვინის საექსპორტო არეალი, ამოქმედდა აგროდაზღვევის პროგრამა, დამონტაჟდა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები და სხვა. მიუხედავად ამისა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში კვლავაც პრობლემები რჩება.

საქართველოში ვენახების ფართობების (58 ათასი ჰა) უმეტესი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილზე მოდის, კერძოდ კახეთის მხარეში 68%-ია, დასავლეთში წამყვანია იმერეთის მხარე, სადაც შესაბამისი მაჩვენებელი 18%-ია, 9% მოდის ქართლზე, დანარჩენი 5% კი სხვა რეგიონებზეა გადანაწილებული. 2013 წლის მონაცემებით, ყურძნის ხვედრითი წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) შეადგენს დაახლოებით 1.4%-ს. ყურძნის ყველაზე მაღალი მოსავალი 2007 წლის შემდეგ (227 000 ტონა) 2014 წელს დაფიქსირდა  (224 000 ტონა)[1].

სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა კი წლების განმავლობაში შემდეგნაირად იცვლებოდა (იხ. ცხრილი1):

ცხრილი 1

სამრეწველოდ გადამუშავებული ყურძნის ოდენობა  2009-2014  წლებში[2]

წელი

2009

2010

2011

2012

2013

2014

გადამუშავებული ყურძნის ოდენობა (ტონა)

23 000

23 000

43 500

54 000

92 773

124 606

ყურძნის გადამუშავებიდან მიღებული შემოსავალი 2013 წელს 116, ხოლო 2014 წელს 177 მლნ ლარი იყო. 2015 წელს სამრეწველოდ გადამუშავდა 143 167 ტონა ყურძენი და შემოსავალმა 102,3 მლნ ლარი შეადგინა. ყურძნის ფასი, სუბსიდიის ჩათვლით, წლების მიხედვით შემდეგნაირად ცვალებადი (ცხრილი 2):

 ცხრილი 2

წითელი და თეთრი ყურძნის ჩაბარების ფასი (ლარში)[3]

წელი

2010

2011

2012

2013

2014

თეთრი

0,60 ლარი

0,70 ლარი

1 ლარი

1 ლარი

1 ლარი

წითელი

0,80 ლარი

1 ლარი

1 ლარი

1,3 ლარი

1,95 ლარი

რაჭა (წითელი)

3 ლარი

3 ლარი

4 ლარი

8 ლარი

8 ლარი

სოფლის მეურნეობაში გამოყენებული პროგრამების მიმართ სახელმწიფომ მიდგომა უნდა შეცვალოს. საჭიროა საგრანტო პროგრამებიც, ასეთი პროგრამები გამოიწვევს მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ტექნიკური აღჭურვილობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას. საჭიროა ვაწარმოოთ არა ზოგადად ყურძნის პროდუქცია, არამედ ვაწარმოოთ იგი განსაზღვრული ღვინის ტიპისა და ხარისხის, უპირველეს ყოვლისა, კონტროლს დაქვემდებარებული, ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოშობილი პროდუქცია [ლაზარიაშვილი თ. 2007]. სხვა ზომების მიღებასთან ერთად, სასურველია სახელმწიფოს მხრიდან კანონმდებლობის გამკაცრება. განსაკუთრებით აქტიური მუშაობა უნდა გაგრძელდეს ღვინის ბაზრების დივერსიფიცირებისთვის, რომ ერთ ქვეყანაში ექსპორტის შემცირებამ მომავალშიც მსგავსი პრობლემები არ შეგვიქმნას.   ყურძენზე გასაცემი სუბსიდია წლების მიხედვით  შემდეგი ოდენობით განისაზღვრა (ცხრილი 3):  

ცხრილი 3

ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი თანხა ლარებში[4]

წელი

2008

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

რქაწითელი

0.15

0.15

0.15

0.15

0.25

0.40

0.35

0.35

საფერავი

0.25

0.25

0.25

0.25

0.35

0.35

0.15

0.15

მუჯურეთული

-

1.0

1.0

1.0

1.0

-

-

-

                 

სულ

6.1 მლნ

5.5 მლნ

4.7 მლნ

8.7 მლნ

14.8 მლნ

32 მლნ

32 მლნ

30 მლნ

1 ჰექტარზე გაწეული დანახარჯების მიხედვით, ვენახის მოვლა საშუალოდ 4000-5000 ლარი ჯდება. ყურძნის თვითღირებულებას, მოვლის ხარჯთან ერთად, მოსავლიანობაც განსაზღვრავს. 1 კილოგრამი თეთრი ყურძნის ღირებულება 35-40 თეთრის ფარგლებში მერყეობს, შავი ყურძნის  - 40-50 თეთრის ფარგლებში. თუმცა, არიან მევენახეები, ვინც უფრო მეტი თანხა დახარჯა და მათთვის ყურძნის თვითღირებულება 50-60 თეთრს აღწევს. ეს გარკვეულწილად ლარის დევალვაციამ, სასუქებისა და შხამქიმიკატების ფასების ზრდამ და მუშახელის გაძვირებამ გამოიწვია, რაც ყურძნის თვითღირებულებაზეც აისახა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია  ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას[5]. ,,აუცილებელია  სასურსათო ბაზრის უზრუნველმყოფელი დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობა საინვესტიციო მოთხოვნების გათვალისწინებით. უპირველეს ყოვლისა, რესურსებისა და ინვესტიციების კონცენტრაცია კონკურენტუნარიან პროდუქტებზე უნდა წარიმართოს. საქართველოსთვის ხილი, ყურძენი, ბოსტნეული, კარტოფილი, ტრადიციული კულტურებია, ასევე ტრადიციულია მეცხოველეობის უმეტესი დარგები (მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება, მეცხვარეობა, მეფუტკრეობა და სხვა). თუ ამ დარგებისადმი განხორციელდება პროტექციონისტული პოლიტიკა და ამუშავდება გადამამუშავებელი მრეწველობის დარგები, ისინი კონკურენტუნარიანი გახდებიან და თვითონვე შექმნიან საინვენსტიციო ფონდებს” [ხარაიშვილი ე. 2011, გვ. 77]. მევენახეობა და მეღვინეობის სექტორს აქვს არა მარტო საინვესტიციო ფონდების შექმნის, არამედ საკმაოდ დიდი დივერსიფიკაციის შესაძლებლობებიც, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივაა ათვისებული ფერმერებისა და საწარმოების მხრიდან. 

ბოლო პერიოდში ღვინის ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა  გამოიწვია  საექსპორტო  ბაზრებზე ქართული ღვინის  შემცირება, ეს უარყოფითად აისახა  ადგილობრივი წარმოებაზე, კერძოდ  –  მნიშვნელოვნად შემცირდა მოთხოვნა ყურძენზე.

დღეს პროდუქციის ექსპორტს 35 კომპანია ეწევა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ღვინო უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში შედის და 2014 წელს ღვინის ექსპორტმა მთლიანი ექსპორტის 6.3% შეადგინა. ექსპორტირებული ღვინის ოდენობა წლების მიხედვით შემდეგნაირად  არის წარმოდგენილი (ცხრილი 4):

 ცხრილი 4

ღვინის  ექსპორტი  2010-2015 წლებში[6]

წელი

2010

2011

2012

2013

2014

2015 I-IIკვ.

ღვინის ექსპორტი (0,75 ლ. ბოთლი)

15 მლნ

9 მლნ

23 მლნ

46 მლნ

59 მლნ

13 მლნ

2010-2014 წლებში ქართული ღვინის ექსპორტი 61 ქვეყანაში განხორციელდა. 2010-2012 წლებში ღვინის საექსპორტო ქვეყნების ხუთეული თითქმის უცვლელი იყო (უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი, პოლონეთი და ლატვია). 2013-2014 წლებში, რუსეთში ქართულ ღვინოზე ემბარგოს გაუქმების შემდეგ, პირველი ადგილი დიდი უპირატესობით რუსეთს უკავია: 2013 წელს - 22 997 170 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 49%) და 2014 წელს – 37 615 052 ბოთლი (მთლიანი ექსპორტის 63%). დანარჩენი ოთხეული უცვლელია: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსი და პოლონეთი. 2015 წელს ექსპორტის მატებაა ისეთ ბაზრებზე, როგორებიცაა: ჩინეთი – 23%, იაპონია – 21%, ლატვია – 20%, ესტონეთი -16%, გერმანია – 5%, კანადა -159%, აშშ – 61%, ყაზახეთი – 6%, დიდი ბრიტანეთი – 33%, ჰონკონგი – 230% და სხვა. თუმცა, ამ ქვეყნებში ღვინის ექსპორტის წილი იმდენად მცირეა, რომ ჯერჯერობით საერთო სურათს ვერ ცვლის. შესაბამისად, 2015 წლის პირველ 6 თვეში რუსეთსა და უკრაინაში ღვინის ექსპორტის შემცირების გამო, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 49%-ით შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, ყურძენზე მოთხოვნის შემცირება განაპირობა[7].

სავარაუდოა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტის დარეგულირების კვალობაზე ქართული ღვინის ექსპორტი გაიზრდება ამ ქვეყნებში. ამასთან, ქართული ღვინო სულ უფრო ცნობადი ხდება ევროკავშირის ბაზარზე და შესაბამისად ქართული ღვინის გაყიდვებიც უნდა გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში.

ამ ასპექტით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სუბსიდირების როლი, რომელიც, ზოგადად, მძლავრი სტიმულია აგრარულ სფეროში მოქმედი მეურნეობებისთვის, რომ გაზარდონ წარმოების მოცულობა და გააფართოვონ საკუთარი საქმიანობა. სუბსიდირების პოლიტიკა მათთვის ქმნის დადებით მოლოდინებსაც მომავალთან დაკავშირებით და უქმნის განცდას, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე.            

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფომ, სხვადასხვა ფორმით, 2013 და 2014 წლებში, კახეთის რეგიონში, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დასახმარებლად, ჯამში 270 მილიონამდე ლარი დახარჯა (100 მილიონი -2013-ში და 169 მილიონი - 2014-ში). თუ 2014 წელს კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი  1 ლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო წითელი ყურძენი, ხარისხისა და მიკროზონების მიხედვით, 2-დან 3 ლარამდე იყო; 2015 წელს თეთრი ყურძენი 70 თეთრი ღირდა, წითელის ფასი კი 85 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობდა. თეთრ ყურძენზე 35, წითელზე - 15 თეთრი ოდენობის სუბსიდია გაიცა, დანარჩენი თანხა ყურძნის მწარმოებლებს  ღვინის კომპანიებმა  დაუფარეს.  გარდა ფინანსური სტიმულებისა, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს როლი მევენახეების ინფორმირებულობის დონის ამაღლებაში, ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: უცხოურ ბაზრებზე არსებული მოთხოვნა ქართული ღვინის სხვადასხვა სახეობებზე; საზღვარგარეთ მზარდი მოთხოვნა ბიოღვინოზე და მისი დამზადების ტექნოლოგიები; ღვინის ან ღვინომასალის ექსპორტის განხორციელება დამოუკიდებლად; მევენახეობის გარდაქმნა ტრადიციული საოჯახო საქმიანობიდან თანამედროვე ტიპის ბიზნესად და ა.შ.;  მიგვაჩნია, რომ ყურძნის სუბსიდირებამ თავისი დადებითი როლი შეასრულა, თუმცა მომავალში საჭირო იქნება გრანტებისა და სხვა პროგრამების საფუძველზე მისი წილის შემცირება.                                                                   

დასკვნა

საქართველოს შეუძლია მაღალხარისხოვანი სუფრის სამარკო და უნიკალური ნახევრადტკბილი ღვინოები მსოფლიო ბაზარს მიაწოდოს. დიდი მოთხოვნილებაა ქართულ სამარკო შამპანურზე და კონიაკზეც. არსებობს ღვინოპროდუქტების საექსპორტო გატანის შესაძლებლობებიც. მსოფლიოში მოთხოვნილება ძირითადად წითელ და ვარდისფერ ღვინოებზეა, საქართველოში კი ამ ღვინოების ხარისხი მეტად მაღალია. ამიტომ აუცილებელია ხელსაყრელი გარემოს შექმნა ფერმერებისათვის ყურძნის წითელი და ვარდისფერი ჯიშების საწარმოებლად. მაშასადამე, მევენახეობა-მეღვინეობის განვითრება განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს ჯიშობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების თვალსაზრისითაც.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში წამყვანი ძალა მცირე საოჯახო მეურნეობებია, რომლებსაც მცირე შემოსავლებიდან გამომდინარე უჭირთ ნარგავების/ნათესების მოვლა. შესაბამისად, სახელმწიფოს შეუძლია ამ მიმართულებით დახმარება გაუწიოს მეურნეობებს, რათა მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი უცხოურ პროდუქციასთან მიმართებით. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მწარმოებლები, უმეტეს შემთხვევაში, სარგებლობენ მხარდამჭერი ღონისძიებებით მათი ქვეყნის მთავრობებისგან. ღვინო არის ის პროდუქტი, რომელსაც ყველაზე დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებთან შედარებით, ამიტომ საჭიროა უფრო აქტიური მუშაობა ყურძნის წარმოების სტიმულირებისა და საზღვარგარეთ ახალი ბაზრების ასათვისებლად.

მიგვაჩნია, რომ სუბსიდირების პოლიტიკა ამ ეტაპზე შენარჩუნებული უნდა იყოს იმ სახით, როგორი სახითაც ამჟამადაა წარმოდგენილი - მიბმული უნდა იყოს წარმოების მოცულობაზე, რათა სტიმული მისცეს ვენახების გაფართოებასა და ყურძნის წარმოების ზრდას. სუბსიდიის არსებობა მევენახეებს უქმნის გარკვეული სტაბილურობის შეგრძნებას და უზრუნველყოფს მათთვის დამატებით შემოსავალს. გარკვეულ ეტაპზე შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოში მევენახეებისთვის ფიქსირებული სუბსიდიების მიცემა, რაც უზრუნველყოფს სტაბილურ შემოსავალს მათთვის და ხელს შეუწყობს მათი კრედიტუნარიანობის ზრდას. ფიქსირებული სუბსიდიების უარყოფითი მხარეა ის, რომ მან შესაძლოა შეამციროს მათი წარმოების მოცულობის ზრდის სტიმულები და მიღებული სუბსიდია გამოიყენონ სხვა მიმართულებით. ამიტომ, საჭიროა კვლევების გააქტიურება ამ მიმართულებით, რათა დაიხვეწოს სახელმწიფოს მხარდამჭერი პოლიტიკა და შემუშავდეს სუბსიდირების ოპტიმალური მოდელი.

მიზანშეწონილია, სახელმწიფოს ხელშეწყობით ქვეყანაში ბიზნესზე ორიენტირებული  სოფლის მეურნეობა განვითარდეს  და  საქართველო აგროსასურსათო  პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს.  საექსპორტო პოტენციალის გაუმჯობესება, ქართული ღვინოების დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე და დაკარგული პოზიციების დაბრუნება უნდა იქცეს მევენახეობად მეღვინეობის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებად. დასახული მიზნების მისაღწევად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია განსახორციელებელი: ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფა, საჭირო კანონების მიღება, სამეცნიერო სამუშაოების წახალისება, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქართული ღვინის სახელის დაცვა საერთაშორისო ბაზარზე, თანაც არა მოკლე ხნით, არამედ გრძელვადიან პერიოდში.

გამოყენებულილიტერატურა

1. ლაზარიაშვილი თ., 2015, აგრობიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი დაძლევის გზები საქართველოში, საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკის მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 10-11 ივლისი.

2. ლაზარიაშვილი თ., 2007, ,,მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პრობლემები კახეთის  მხარეში. თბილისი, “უნივერსამი”.

3. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, 2015, თბილისი.

4. ხარაიშვილი ე., 2011, კონკურენციისა და კონკურენტუნარიანობის პრობლემები საქართველოს აგროსასურსათო სექტორში, თბილისი.



[1] http://www.geostat.ge

[2] http://www.moa.gov.ge

[3] http://www.moa.gov.ge

[4] http://www.moa.gov.ge

[5] საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. 2015

[6] http://www.moa.gov.ge

[7] http://www.moa.gov.ge